ძველი აღთქმა. ქართული ხელნაწერის ისტორია ბიბლიური წიგნების თარგმნითა და გადაწერით იწყება. V-VIII სს-ით დათარიღებულ პალიმფსესტურ ფურცლებზე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი  ძველი აღთქმის წიგნები: დაბადება, წინასწარმეტყველნი – ესაია, ეზეკიელი, იერემია, ეზრა I და ფსალმუნი. გარდა ამ ფრაგმენტებისა, ბიბლიური ტექსტების ადრეულ (VII-VIII სს.) თარგმანებს ე.წ. გამოკრებილ ბიბლიას შეიცავს საღვთისმსახურო პრაქტიკისთვის განკუთვნილი ხელნაწერი კრებულები.

ძველი აღთქმის წიგნები არ თარგმნილა და გადაწერილა როგორც საკითხავი ლიტერატურა. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ისინი ნაწილ-ნაწილ შემოვიდა და განაწილდა საღვთისმსახურო დანიშნულების კრებულთა რეპერტუარშიც, რაც განაპირობა არა ქართველ მწიგნობართა ინერტულობამ, არამედ ადრეული წიგნების პრაქტიკულმა დანიშნულებამ -  ქრისტიანული საეკლესიო-სამრევლო მსახურების უზრუნველყოფამ სათანადო ლიტერატურით. ამგვარ ლიტერატურაში კი მოიაზრებოდა არა მხოლოდ ბიბლია, არამედ ადრეული საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის აუცილებელი წიგნები თუ თხზულებები, რომელთა   ცოდნაც ასევე სავალდებულო იყო ქრისტიანული აღმსარებლობის სასულიერო თუ საერო პირებისათვის. ისიც უნდა აიღიშნოს, რომ თავისი ისტორიის საწყის ეტაპზე ქართული საღვთისმსახურო პრაქტიკა ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ადრეული იერუსალიმური სივრცისათვის დადგენილ ნორმას. ეს სივრცე კი გამოირჩეოდა ტექსტების რედაქციული მრავალფეროვნებით, რაც ასახა კიდეც ძველი აღთქმის ადრეულმა ქართულმა თარგმანებმა. მაგალითად, ესაიასა და ეზრა I-ის ტექსტები ანტიოქიური, ანუ ლუკიანური რედაქციის თარგმანებია, ხოლო იერემიასი – პალესტინური,  იგივე  ჰექსაპლური.

ძველი აღთქმის პირველი რვაწიგნეულის ნაშთი შემორჩენილია IX-X სს-ით დათარიღებულ იმ ფრაგმენტებზე, რომლებიც ყდის საცავი ფურცლების სახითაა შემორჩენილი ზოგიერთ ქართულ ხელნაწერსა და მატენადარანის სომხურ წიგნებზე.

ამდენად, ბიბლიის წიგნთა ისტორიის კვლევის საქმეში ქართულ ხელნაწე წიგნებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ.

ოშკის ბიბლია. X საუკუნისათვის პირობითად დასრულდა პრაქტიკული განათლების პირველი ეტაპი და ქართული ხელნაწერი ტრადიციის ყურადღება შინაარსობრივად მრავალფეროვანი კრებულების დავით კურაპალატი, ოშკიპარალელურად მიიპყრო ბიბლის, კერძოდ, ძველი აღთქმის ერთიანი კოდექსის ჩამოყალიბებამ. რასაკვირველია, ბიბლიის სრული რედაქცია უეცრად არ შეუდგენიათ. მას წინ უსწრებდა ძველი აღთქმის რამდენიმე წიგნის თავმოყრით შეკრული ხელნაწერების არსებობა, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ძველი აღთქმის სრული კრებული. სავსებით ბუნებრივია, რომ პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა დიდი გამოცდილების  სამწიგნობრო სირცეში - ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ოშკის ტაძარში. სწორედ ამ წიგნმა ჩაუყარა საფუძველი ათონის ივერთა მონასტრის ქართულ ბიბლიოთეკას. მისი დამკვეთი და ფინანსურად უზრუნველმყოფი პირია ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, მხედართმთავარი დავით კურაპალატის კარზე, შემდგომ ბერად აღკვეცილი და სვინგელოზის ტიტულის მატარებელი თორნიკე ჩორჩანელი, რომელსაც ბერობაში ეწოდა იოვანე-თორნიკყოფილი. XIX ს-ში ხელნაწერი ასლის დამზადების მიზნით წიგნი საქართველოში ჩამოიტანა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ პლატონ იოსელიანმა. ბიბლიის გადაწერის შემდგომ იგი კვლავ ათონის მთაზე დააბრუნეს.  იგი დღესაც ათონის მთის წიგნსაცავის ქართულ კოლექციაში ინახება.

წიგნი გადაწერილია 987 წ. დღეისათვის შეიცავს 954 ფურცელს. აკინძულია ორ ტომად. შესრულებულია მაღალი ხარისხის ეტრატზე. ჰყავს სამი კალიგრაფი გადამწერი: მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ნაწერია ნუსხურად, სათაურები - მრგვლოვანით. ერთვის გადამწერისა და დამფინანსებლის, ანუ მომგებლის ანდერძები. შედის: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, მსაჯულთა, რუთი, იობი, ესაია, იერემია, ბარუქი, გოდება, ეპისტოლე იერემიასი, ეზეკიელი, დანიელი, ეზრა I, ეზრა II, ნაუმი (ნეემია), ეზრა სუთიელი, ესთერ-მარდოქე, ივდითი, ტობი, I მეფეთა, II მეფეთა, III მეფეთა, IV მეფეთა, იგავნი, ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისნი, ისო ზირაქი და მცირე წინასწარმეტყველთა 12 წიგნი; ხელნაწერის დაზიანების გამო დაკარგულია: რიცხვთა, II სჯულისა და ისო ნავეს წიგნები.

საინტერესოა, რომ ოშკის ბიბლიის ეს ნუსხა არ შეიცავს ფსალმუნს, რადგანაც ეს უკანასკნელი ღვთისმსახურებაში დამოუკიდებლად გამოსაყენებელ წიგნს წარმოადგენდა.

გელათის ბიბლია. ქართული ბიბლიის ისტორიაში XII საუკუნე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. სწორედ ამ ეპოქაში გადაიწერა ბიბლიის შემდგომი სრული კრებული, რომელიც გელათის ბიბლიის სახელწიდებითაა ცნობილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტექსტს ერთვის განმარტებები ანუ კატენები. ტექსტის ენობრივი თავისებურებანი და სამეცნიერო კომენტირების მეთოდი უკავშირდება XII საუკუნების გელათის ფოლოსოფიურ სკოლას.

ეს დიდი მოცულობის წიგნი მოიცავს 301 ფურცელს. გადაწერილია ქაღალდზე, ზომა 35X25. ნაწერია ნუსხურით, ღია ყავისფერი მელნით. თავბოლონაკლულია. შედის: ლევიტელთა, რიცხვთა, II სჯული, ისო ნავე, მსაჯულნი, რუთი, დიდი და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები.

გელათის ბიბლია. XII ს.ნაწერია ერთ ან ორ სვეტად, აშიებზე ორი ან სამი მხრიდან მისდევს კომენტარები. განსამარტ სიტყვებს ახლავს ეპოქის ხელნაწერ ტრადიციაში კარგად ცნობილი მარგინალური, ანუ აშიებზე გატანილი პირობითი ნიშნები - თევზი, ხელის მტევანი გაშვერილი საჩვენებელი თითით, რომბისებურად განლაგებული რგოლები, ჯვარი რგოლებით ბოლოებზე, ღუზა და სხვა. ისინი შესრულებულია სინგურით. სავარაუდოდ, ჰყავს ორი ანონიმი გადამწერი. ყურადღებას იპყრობს თავისებური ხელწერა.

დამკვეთი და მთარგმნელი უცნობია. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბიბლიის ამ თარგმანს უკავშირებენ XII საუკუნის ცნობილ ფილისიფოსებს იოვანე პეტრიწსა და არსენ იყალთოელს.

XIII-XVII საუკუნეებში გადაიწერა ბიბლიის ცალკეული თხზულებების შემცველი არაერთი კრებული, რომლთა შემდგენლები მიზნად ისახავდნენ ბიბლიის მოკლე რედაქციის შექმნას.

სულხან-საბა ორბელიანისეული ბიბლიაXVII საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ბიბლიის შესწავლის, შეკრებისა და აღდგენის საქმეში. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სულხან-საბა ორბელიანის მამა მდივანბეგი ვახტანგ ორბელიშვილი. მისი დაკვეთით გადაიწერა ბიბლიის სამი ხელნაწერი, რომლებიც გადაწერეს იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილებმა.  ვახტანგ ორბელიშვილის საქმის გამგრძელებლები იყვნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, არჩილ მეფე  და ბატონიშვილი ბაქარი.

ბიბლიის შემდგომი სრული კრებული ე.წ. "მცხეთის ბიბლია" შეადგინა სწორედ სულხან-საბა ორბელიანმა. ეს წიგნი "მცხეთის ბიბლიის" სახელწოდებითაა ცნობილი. წიგნი შედგება 668 ფურცლისაგან. გადაწერილია შავი მელნით, სხვადასხვა ქაღალდზე, ნუსხურითა და მხედრულით, რამდენიმე პირის მიერ. მხედრულით შესრულებული მონაკვეთის გადამწერია თავად სულხან-საბა ორბელიანი. შედის ძველი აღთქმიs 44 დასახელების წიგნი. წიგნთა დასახელების წყაროს წარმოადგენს 1666 წელს ამსტერდამში დაბეჭდილი სომხური ბიბლია. ეს რედაქცია გამოირჩევა სომხურ-ლათინური ვერსიების მცხეთის ბიბლია. XVIII ს.ფართო  გამოყენებითა და ცალკეული წიგნების განსხვავებული რედაქციულობით. როგორც ჩანს, სულხან-საბა ბიბლიის კრებულის შესადგენად ბევრ წყაროს იყენებდა. იგი ეყრდნობოდა ოშკის ბიბლიის რედაქციის ტექსტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ კრებულში სხვა წიგნებთან ერთად შესულია ფსალმუნიც, რომლისთვისაც საბას გამოუყენებია გიორგი ათონელისეული რედაქცია. შემდგენელი სარგებლობდა ლექციონარსა და სხვა სადღესასწაულო-საწინასწარმეტყველო კრებულებში დაცული მასალითაც. ხელნაწერში ასევე პირდაპირაა ჩაკრული 1710-1711 წლებში საბასავე რედაქციით ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნების ფურცლები.

ორბელიანთა ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა ბიბლიის ქართული ტექსტის ბეჭდვის საქმეში. ბაქარ ბატონიშვილის გადმოცემით, ვახტანგ VI-ის მიერ სტამბის დაარსებასა და ვლახეთიდან მესტამბის ჩამოყვანას განაპირობებდა სწორედ ბიბლიის გამოცემის სურვილი. სამწუხაროდ, მწიგნობარმა მეფემ მხოლოდ ფსალმუნის, ახალი აღთქმისა და წინასწარმწტყველთა წიგნების დაბეჭდვა მოახერხა. მისი საქმე უკვე მოსკოვში განაგრძო მისმა ძემ ბაქარმა, რომელმაც 1743 წელს დაბეჭდა ბიბლიის სრული ტექსტი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვში ტირაჟირებული ქართული ბიბლიის დიდი ნაწილი განადგურდა, გადარჩა მხოლოდ აკინძული და ყდაში ჩასმული ის 100 ეგზემპლიარი, რომელიც ბაქარმა გამოაგზავნა.

ფსალმუნი. ძველი აღთქმის წიგნებიდან უპირველესად ფსალმუნი უნდა ეთარგმნათ, ვინაიდან ძველი აღთქმის სწორედ ეს წიგნი ასრულებდა საღვთისმსახური მნიშვნელობის ძეგლის ფუნქციას. ამ წიგნს სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ: "დავითი" ან  "დავითნი", "წიგნი ფსალმუნთა" ან "ფსალმუნი" და "საფსალმუნე".   ფსალმუნის უძველესი თარგმანის არსებობას ადასტურებს V-VIII საუკუნეების არაერთი ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლი. `შუშანიკის წამების~ მიხედვით სავსებით თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უკვე 476-482 წლებში ძველი აღთქმის ეს წიგნი ხელთ უპყრიათ როგორც სასულიერო, ასევე საერო წრის წარმომადგენლებს.  თუმცა კი აქვე დავძენთ, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ეპოქის  ვერცერთმა ხელნაწერმა. ფსალმუნის  ტექსტის ყველაზე ადრეულ დამოწმებას კი ვხვდებით VIII საუკუნით დათარიღებულ ხანმეტ ლექციონარში, რომლის ტექსტის გამოსცა და შეისწავლა აკ. შანიძემ და რომელიც ამჟამად დაცულია ავსტრიაში, გრაცის ბიბლიოთეკაში.

ფსალმუნის დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ხელნაწერი IX საუკუნით თარიღდება. ეს არის ოდესღაც სინის მთის ქართული კოლექციის კუთვნილი და ამჟამად დაკარგული ნუსხა, რომლის რამდენიმე ფურცელი 1850 წელს პორფირე უსპენსკის წამოუღია სინიდან. ახლა კი ეს ფრაგმენტები ინახება პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ პეტერბურგული ფსალმუნი გადაწერილია პაპირუსზე, რაც იშვიათი მოვლენაა ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიაში.

ძველი ქართული თარგმანების შემცველი წიგნების თავისებურებას ისიც წარმოადგენს, რომ ადრეული რედაქციის ტექსტებს შორის საგულისხმო სხვაობებია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია თავად ფსალმუნის ტექსტის ისტორიისათვის, ვინაიდან იგი მიგვითითებს ძეგლის ჩამოყალიბების ისტორიაზე. ტექტებს შორის სხვაობებს, უდაოდ, განაპირობებს საეკლესიო პრაქტიკაში მათი ჩართვის რიტმი. მკვლევართა ვარაუდით, ფსლმუნის თავდაპირველი ვარიანტი უნდა შემოსულიყო  ცალკეული ერთეულების სახით.

ფსალმუნთა რაოდენობა ქართული დავითნის ხელნაწერებში ყოველთვის ერთნაირი არ არის.  X ს-ის ერთ-ერთ ხელნაწერში გვხვდება ას ორმოცდათერთმეტი ფსალმუნი, თუმც კი ეს არ არის ჩვეულებრივი რიგის მოვლენა ფსალმუნის ქართულ ხელნაწერებში.

ებრაული ფსალმუნი დაყოფილია ხუთ წიგნად, როგორც ჩანს, მსგავსი დაყოფა განპირობებულია მოსეს ხუთწიგნეულის "ხუმაშის" ანალოგიით. უძველეს ქართულ ფსალმუნში მსგავს დაყოფას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქართველებისთვის ცნობილი ყოფილა ებრაული ფსლმუნის ხუთ წიგნად დაყოფა, რასაც ადასტურებს X ს-ის ქართული ხელნაწერი წიგნები: "მცხეთური დავითნის" დანართი, "შატბერდული კრებულის" "სასწავლო წიგნი". ამ დაყოფას აღნიშნავდა ეფრემ მცირე ფსალმუნთა თარგმანების შესავალში. ფსალმუნთა სათაურები ქართულ ტექსტებში ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც განპირობებულია ქართული თარგმანების დედნებად გამოყენებული ბერძნული ტექსტების მრავალგვარობით.

ძველი ქართული წყაროების მიხედვით ფსალმუნი ძველი აღთქმის სტიქერონ, ანუ მუხლედ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. ბიზანტიელი ავტორები: ეპიფანე კვიპრელი, ამფილოქე იკონიელი, გრიგოლ ფსალმუნი, XII სნაზიანზელი ამ ტერმინებს იყენებენ ძველი აღთქმის სალექსო ზომებისათვის. ეს ტერმინები როგორც ბერძნულში, ისე ქართულშიც გულისხმობს ამ წიგნთა ებრაულ ორიგინალს და არა მის თარგმანებს.

ქართული  ფსალმუნის რედაქციებს მუხლად დაყოფის ორი განსხვავებული სისტემა გააჩნია.  "მცხეთის დავითნში" ტექსტი დაყოფილია მუხლებად, მაგრამ, ამავე დროს, მუხლებს გააჩნიათ საგანგებო სათვალავი, ნაჩვენებია თითოეული ფსალმუნისა თუ გალობის მუხლთა რაოდენობა (მიწერილია: აშიებზე,  მუხლთა დასაწყისებთან და ბოლოში დაწერილია სინგურით ტექსტისაგან გამოყოფის მიზნით). ფსალმუნის ქართული ტექსტი დაყოფილია 2900 მუხლად (ამავე რიცხვს იძლევა ცალკეულ კანონებში შემავალი მუხლებიც). "იერუსალიმური" დაყოფა კი 4682 მუხლს შეიცავს. ძველი რედაქციათა დამუხვლა ახლო დგას კოსტანტინეპოლურ ფსალმუნთა დამუხვლასთან. ქართული ფსალმუნის ახალი რედაქციები უკავშირდება XI ს-ის ცნობილ მოღვაწე მწიგნობრებს: გიორგი მთაწმიდელსა და ეფრემ მცირეს.

ქართული ფსალმუნის ტექსტი არაა დაწერილი რითმული, პოეტური ლექსთწყობის ზომით, მაგრამ მას ვერც პროზაულ თხზულებად მივიჩნევთ (ისეთად როგორიცაა მაგალითად ოთხთავი). ქართულ ფსალმუნს აქვს ისეთი სტილისტური თავისებურებები, რომელიც ტექსტს სპეციფიკურ იერს ანიჭებს და მას რიტმულ პროზასთან აიგივებს, მაგრამ ეს თავისებურებანი დამახასიათებელია არაა მხოლოდ ქართულისთვის, არამედ სხვა თარგმანებისთვისაც, სადაც ასევე შენარჩუნებულია დედნისეული სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანთა დიდი ნაწილი უშუალოდ ებრაულიდან არ მომდინარეობს (არც ქართული ფსალმუნის ებრაულიდან თარგმნაა დადასტურებული სამეცნიერო ლიტერატურაში).

ფსალმუნთა  ქართული ნუსხები ლიტურგიკული დანიშნულებისაა. ამაზე მეტყველებს მათი შედგენილობაც: ქართული ფსალმუნის ყველა ძველი ხელნაწერი, გარდა საკუთრივ ფსალმუნის ტექსტისა, შეიცავს გალობებს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს A-38, რომელშიც ფსალმუნისა და გალობების გარდა, კიდევ სხვა თხზულებებიც შედის.

ბიბლიური გალობები ლიტურგიკული ფსალმუნის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და იგი, ქართულის გარდა, სხვაგანაც გვხვდება. ამდენად გალობათა  თანმიმდევრობა და შედგენილობა მიანიშნებს მყარად ჩამოყალიბებულ ლიტურგიკულ ტრადიციაზე.

ქართული ფსალმუნი დაყოფილია კანონებად. უძველეს ფსალმუნებში კანონები აღნიშნულია სინგურით, მომდევნო ფსალმუნის ზედა-წარწერილის წინ; კანონის დასაწყისი მითითებულია ასევე ქანწილით, რომლის გამოყოფას გადამწერი სინგურის გამოყენებით ახერხებს. კანონი აღნიშნავს ტექსტში საკითხავად განკუთვნილ მონაკვეთს. კანონი  ამ შემთხვევაშიც იგივეა, რაც კათისმა.  კანონების შიგნით ტექსტს ანაწილებს "დიდება", რომელიც სამ-სამია თითოეულ კანონში.

სახარება-ოთხთავები. ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, ბიბლიოლოგიის, თხზულებების ორივე ნაწილის - ახალი და ძველი აღთქმის წიგნების - თარგმნა ქართველებს დაუწყიათ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში. ყველაზე ადრე უნდა ეთარგმნათ ახალი აღთქმის წიგნების პირველი ნაწილი, სახარება, ანუ ოთხთავი, რომელიც შედგება ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს - თხზულებებისაგან.

ჯრუჭის I ოთხთავი, 936-940 წწ.ოთხთავები რომ ქართული მწერლობის ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლია, მოწმობენ ადრეული პალიმფსესტები, რომლებიც შეიცავენ სახარების ტექსტებს. სახარება, ანუ ევანგელე იხსენიება ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ადრეულ ქართულ ორიგინალურ თხზულებაში "შუშანიკის წამება".

ძველი ქართული მწერლობის პირველი პერიოდიდან შემონახულა სახარებათა არაერთი ნუსხა. ესენია: ადიშის (897 წ.), ჯრუჭი I (936 წ.), ქსნის (X ს.), პარხლის (973 წ.), ტბეთის (995 წ.). სახარებები.

ჩვენს წინაპრებს ქარული მწერლობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არაერთგზის დაუმუშავებით ოთხთავის ტექსტი. ამის საფუძველზე მოუღწევია ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციას. ესენია: ხანმეტი, საბაწმინდური, გიორგი მთაწმიდელისეული ვერსიები. გიორგი მთაწმიდელის შემდეგ სახარების ტექსტის გადმოღება სცადეს ეფრემ მცირემ და იოანე პეტრიწმა, მაგრამ ამ თარგმანებმა ვერ გაუწიეს მეტოქეობა გიორგი მთაწმიდელისეულ სახარებას, რადგან ისინი ამა თუ იმ ვიწრო მეცნიერული - ფილოსოფიურ-თეოლოგიური - მიზნით იყო შესრულებული. ეს შრომები საყოველთაო მოსახმარებლად არც გავრცელებულა და ჩვენამდეც თითო-ოროლა ცალმა მოაღწია.

სახარების ტექსტის ორი უძველესი რედაქცია - ხანმეტი და საბაწმინდური - წინაათონური, იხსენიება გიორგი მთაწმიდელის ანდერძში. სავარაუდოდ, ხანმეტი და საბაწმიდური რედაქციები ერთმანეთისაგან მხოლოდ ფონეტიკური ნიშნით გაირჩეოდა. პირველი პერიოდიდან ჩვენამდე მოღწეულ ადიშისა და ჯრუჭ-პარხლის ხელნაწერებში დაცული  ტექსტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ორ განსხვავებულ რედაქციას იძლევიან. ადიშის ხელნაწერის ტექსტი წარმოადგენს სრულიად ცალკე მდგომ რედაქციას.

ქართული მწერლობის II პერიოდში, როდესაც ქართულმა ეკლესიამ პირი იბრუნა კონსტანტინეპოლისაკენ, საჭირო გახდა სახარების წინაათონური  რედაქციების დაახლოება ბერძნულ ვერსიებთან. ათონის ქართველთა მონასტერში ითარგმნა ახალი რედაქციები, რომელთაგან ყველაზე დღეგრძელი გამოდგა გიორგი მთაწმიდელის რედაქცია. მას დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი წიგნის სახით დღემდე მოღწეული სახარებები საინტერესო სურათს იძლევიან არა მხოლოდ ტექსტუალური თვალსაზრისით, არამედ საყურადღებოა მათი შედგენილობაც. დროთა ვითარებაში სახარებების შედგენილობას ემატებოდა მუხლების საძიებლებისა და დღესასწაულებთან დაკავშირებული მონაკვეთების საძიებლები.   მაგალითად, ადიშის სახარების ტექსტს წინ უძღვის "კანონები", რაც უკლებლივ ნებისმიერი პერიოდის სრულად შემონახულ ყველა ტექსტს ახასიათებს. ამ თვალსაზრისით ძნელია საუბარი ხანმეტ ტექსტებზე, ვინაიდან ისინი მხოლოდ ფრაგმენტულად მოსულან ჩვენამდე.

ოთხთავის ტექსტი დაიყო მუხლებად და თავებად. მუხლები აღინიშნებოდა რიცხვების ანბანური შესატყვისით. ასეთი დაყოფა მიეწერება ამონიოს ალესანდრიელს, რის საფუძველზეც ევსები კესარიელს შეუდგენია ცნობილი ათი კანონი. ამიტომაც უკლებლივ ყველა სახარებას ახლავს ეპისტოლე ევსებიოსისა კარპიანეს მიმართ. ოთხთავის დამუხვლის სისტემა შეიცვალა  გვიანდელ შუა საუკუნეებში. პარხლის ოთხთავის (973 წ; A-1453) XVIII საუკუნის ერთ-ერთი მინაწერი იუწყება, რომ მის რესტავრაციასა და ტექსტის შევსებასთან ერთად დაუყვიათ ოთხთავი თავებად და მუხლებად ახალი წესის მიხედვით, გელათის ოთხთავი, ავგაროზის ეპისტოლე, XII ს. დაურთავთ საკითხავთა საძიებლები.

XI საუკუნიდან ოთხთავების ოთხ ქართულ ხელნაწერს ერთვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიასთან დაკავშირებული თხრობა "ავგაროზის ეპისტოლე". პირველად იგი ალავერდის 1054 წლის ოთხთავში გვხვდება.  "ავგაროზის" ეპისტოლის, როგორც ქალკედონიტური დოქტრინის ამსახველი თხზულების, საბოლოო ჩამოყალიბება უკავშირდება XI საუკუნის I მესამედს. თხზულება აღიარებული იქნა კანონიკურ ძეგლად. მართალია, ის აპოკრიფია, მაგრამ კარგად ასახავს ეპოქისათვის დამახასიათებელ დოგმატურ თუ კანონიკურ თეზათა განვითარების სურათს, ამასთან აქვს ქრისტიანული სიმბოლოს – სულიერი განკურნების შინაარსი.

ქართულ ხელნაწერ ტდრადიციაში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ სახარება-ოთხთავის ხელნაწერები გვხვდება. X ს-დან იქმნება მათი მდიდრულად ორნამენტირებული, ე.წ. საზეიმო წიგნები. ამგვარი ერთეულების შექმნას კი აფინანსებდნენ სამეფო კარისა და დიდი ფეოდალური სახლების წარმომადგენლები.

სამოციქულო. ახალი აღთქმის წიგნების მეორე ნაწილს სამოციქულო ეწოდება. იგი შეიცავს შემდეგ ეპისტოლეებს: საქმე მოციქულთა, შვიდი პატარა, ე.წ. კათოლიკე ეპისტოლეებს, 14 ეპისტოლეს პავლე მოციქულისას და აპოკალიპსს, ანუ გამოცხადებას იოანე ღმრთისმეტყველისას. ეს უკანასკნელი X საუკუნის გასულამდე არც კი ყოფილა თარგმნილი. პირველი ორი ნაწილი კი, რომელსაც კათოლიკე და პავლენი ჰქვია, ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ. Pპირველია წიგნი, რომელიც შვიდ პატარა ეპისტოლეს შეიცავს, მეორე – პავლე მოციქულისას. უძველესი ნუსხები სამოციქულოსი შეიცავენ მხოლოდ პავლეს ეპისტოლეებს.

სამოციქულოს ნუსხები პირველი პერიოდიდან თითქმის არ გვხვდება, ნაკლებადაა შემონახული. ექვთიმე ათონელს არც ამ მხრივ უღალატია ტრადიციისათვის და უთარგმნია სამოციქულო X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. საგანგებო შრომა გაწია გიორგი მთაწმიდელმაც. მას უთარგმნია ,,პავლე სრული და საქმე მოციქულთა.~ გიორგი მთაწმიდელმა ვერ გაწყვიტა კავშირი ძველ ქართულ რედაქციასთან და ზოგიერთი ლექსიკური ერთეული  ძველი თარგმანიდან უცვლელად დატოვა.

ამიტომაც ეფრემ მცირემ ხელახლა თარგმნა სამოციქულოს ტექსტი, თუმც კი  ეფრემის რედაქციამ ვერც საეკლესიო პრაქტიკაში ვერ ჩაანაცვლა გიორგი ათონელისეული თარგანი.

ძირითადი ბიბლიოგრაფია

  1. ადიშის ოთხთავი 897 წლისა, ზურაბ სარჯველაძის რედაქციით, თბ., 2003.
  2. ავგაროზის ეპისტოლის~ ძველი ქართული რედაქციები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნ. ჩხიკვაძემ, თბ., 2007.
  3. ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო თინათინ ცქიტიშვილმა, თბ., 1976.
  4. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1980.
  5. კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. გამოსცა ქ. ლორთქიფანიძემ: ძველი ქართული ენის ძეგლები, 9, თბ., 1956.
  6. მელიქიშვილი ნ. ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები. თბ. 2009
  7. მცხეთური ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა  დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, მეცნიერება: ტ. 1 (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავეს, მსაჯულთა, რუთი) – 1981; ტ. 2 ( მეფეთა I, II, III, IV, ნეშტთა I, II, ეზრას I, II, III წიგნები) – 1982; ტ .3 (ტობის, ივდითის, ესთერის, იობის წიგნები, ფსალმუნი, იგავთა წიგნი) – 1983; ტ. 4 (ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისა, ქება ქებათა სოლომონისა, წინასწარმეტყველთა წიგნები _ესაია, იერემია, ბარუქი, ეზეკიელი) – 1985; ტ.5 (დანიელის, მცირე წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის წიგნები) – 1986; ტ. 6 (გამოკვლევა)–1987.
  8. პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, გამოსაცემად მოამზადეს ქეთევან    ძოწენიძემ და კორნელი დანელიამ: თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 16, თბ., 1974.
  9. ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII სს. ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა მზ. შანიძემ, თბ., 1960.
  10. ფსალმუნნი, ახალი შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ,: საეკლესიო ბიბლიოთეკა, IV, თბ., 2006.
  11. ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ი. იმნაიშვილმა, თბ., 1979.
  12. ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (897, 936, 973 წწ.), გამოსცა აკ. შანიძემ, თბ. 1945.
  13. წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, ელ მეტრეველის საერთო რედაქციით,  თბ.: ნაკვ.1 – 1989; ნაკვ. 2 – 1990; ნაკვ 3 –1991
  14. ქურციკიძე ც. ქართული ბიბლია. თბ.  2010
  15. ხანმეტი ტექსტები. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია დაურთო ლ. ქაჯაიამ, თბ., 1984
  16. Lamara Kadzaia, Die Alteste Georgische vier-evangelien-handschrift, Teil I, Prologomena, Aus dem Georgischen ubersetzt von Heinrich Greeven und Michael Job,Bochum,1989.